დიდი გადაბარგება: სად გარბიან ელექტრონიკის მწარმოებლები ჩინეთიდან და როგორ აისახება ეს ჩვენზე

პირველი სექტემბრიდან აშშ-მ ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე ახალი სანქციები დააწესა. ბრძოლის ველზე კი ისევ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები მოხვდნენ. პროდუქციის გაძვირება როგორც წვრილმან ტექნიკას, ისე კომპიუტერებს, სმარტფონებს და პლანშეტებს შეეხება. გაძვირებას ეტაპობრივად 15 დეკემბრიდან უნდა ველოდოთ. ისედაც მაღალი ფასის მქონე iPhone-ებისთვის პროცესი შესაძლოა კიდევ უფრო სავალალო შედეგებით დასრულდეს. Apple უკვე გასცდა 1000$-იან ზღვარს და რამდენიმე კვარტალი ზედიზედ გაყიდვებს კარგავს. ბრძოლისგან დაზარალებული Apple როდია. ჩინეთიდან დიდ გადაბარგებას ყველა მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია აპირებს.

ძვირი და უინტერესო

ჩინეთიდან საწარმოების გადატანა უკვე დიდი ხანია ტრენდად იქცა. ყველაფერი კი ჩინეთში შრომის ფასის ზრდით დაიწყო. ჩინეთის ხელისუფლება ყველანაირად ეცადა იუანის კურსის შენარჩუნებას, თუმცა ამაოდ. დღეს წარმოება ვიეტნამში, მალაიზიაში და სხვა აზიურ ქვეყნებშიც კი უფრო იაფია.

სმარტფონების მიწოდება 2019 წლის მე-2 კვარტალში, IDC

მეორე ადგილზეა ინდოეთი. მოგეხსენებათ, ინდოეთი ჩინეთის მერე მოსახლეობის მიხედვით მე-2 ადგილზეა. აქედან გამომდინარე ასეთ ბაზარზე მომხმარებლებისთვის ბრძოლა დაიწყეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Apple, Samsung, Lenovo და სხვები.

ქრონოლოგიურად ბოლო ფაქტორი — სავაჭრო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის, რომელიც თავის მხრივ გადასახადების ზრდაში გამოიხატება.

აზიური სასწაული

2018 წლის ოქტომბერში Bloomberg-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საინვესტიციო ბუმია. ტაილანდი, ვიეტნამი, ფილიპინები — ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც  ტექნოლოგიური კომპანიები აშშ-ს ბაზრისთვის ელექტრონიკის წარმოებას გეგმავენ. ტაილანდის ეკონომიკაში ინვესტიციები 53%-ით გაიზარდა და $ 7,6 მილიარდს აღწევს. ფილიპინებმა ჯამში ინვესტიციის სახით $ 861 მიიღო, ვიეტნამში კი წარმოება 18%-ით გაიზარდა. კიდე ერთი ქვეყანა მალაიზიაა, რომელშიც Bloomberg-ის თანახმად საკუთარი წარმოების გადმოტანას Kayamatics და Panasonic-ი გეგმავენ.

გარდა ამისა კომპანიების ნაწილი ტაივანში დაბრუნებას გეგმავს. ჩინეთის სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით აღნიშნული ქვეყენა ჩინეთზე უფრო ძვირია, მაგრამ მწარმოებლებისთვის ტაივანი საინტერესოა იმით, რომ ქვეყანაში უფრო დასავლური მენეჯმენტია,  აქ ისედაც აწარმოებენ სხვადასხვა კომპონენტებს და მოწესრიგებულია ლოჯისტიკა.

ახალი ბინადრობა

უკვე ცნობილია სად გეგმავენ დიდი IT კომპანიები გადასვლას.

მაშ ასე, ცნობილია, რომ Apple ჩინეთში წარმოების მნიშვნელოვნად შემცირებას იწყებს და მომწოდებლებს სთხოვს შეაფასონ წარმოების 15-30%-ის ინდოეთში გადატანისთვის ხარჯების ოდენობა. მოცემულ მომენტში ჩინეთში კომპანიას 5 მილიონამდე თანამშრომელი ყავს დასაქმებული. გარდა ამისა Apple-ს უკვე აქვს გამართული წარმოება ინდოეთში, სადაც ამზადებდნენ კომპანიის ფლაგმანებსა და ბიუჯეტურ SE-ს. ინდოეთის გარდა კომპანია წარმოების გადასატანად მექსიკას და ვიეტნამსაც განიხილავს, ხოლო Foxconn-ის დამფუძნებელი Apple-ს წარმოების ტაივანში გადატანას ურჩევს.

Google-ს საკუთარი პლატების წარმოება ტაივანში გადააქვს, Nest-ი დიდი ალბათობით საკუთარ ქარხნებს ტაივანში, მალაიზიასა და ტაილანდში გადაანაწილებს. Pixel სმარტფონების წარმოება კი ვიეტნამში, Nokia-ს ყოფილ ქარხანაში გადაინაცვლებს.

ვიეტნამში გადასვლას აქტიურად განიხილავს Nintendo და TLC.

სერვერული ინფრასტრუქტურის მწარმოებლები Quanta Computer და Inventec საწარმოს ტაივანში გადატანას განიხილავენ.

HP და Dell-ი საკუთარი წარმოების 30%-ის ტაილანდსა და ტაივანში გადატანას გეგმავს. კომპანია Dell-მა კი საცდელი წარმოება უკვე დაიწყო ვიეტნამსა და ფილიპინებში.

Apple-ის კომპონენტების მწარმოებელი Delta Electronics-ი და ყურსასმენების მწარმოებელი Bose საკუთარ წარმოებას ტაილანდში აფართოებენ.

Lonovo Group, Acer და Asustek Computer-ისთვის ამერიკული ბაზარი არანაკლებ მნიშვნელოვანია და ნაწილობრივ ჩინეთს ისინიც ტოვებენ. Sony და Microsoft-ი ასევე გეგმავენ ჩინეთის დატოვებას.

China Overseas Development Association, CODA-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ჩინეთის  მცირე და საშუალო საწარმოები ასევე განიხილავენ სხვა ქვეყნებში წარმოების დაწყებას, რათა არ შეფერხდეს აშშ-ს ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდება.

Samsung-მა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გახსნა საკუთარი საწარმო ინდოეთში. მართალია, ამ დროს კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ჩინურ ბრენდებთან ერთ-ერთ მსხვილ ბაზარზე კონკურენციის გაზრდის მიზნით მიიღო. ამას ასევე ხელს უწყობდა ის ფაქტი, რომ ინდოეთში წარმოებული პროდუქცია არ იბეგრებოდა განსხვავებით იმპორტისგან, რომელიც არახელსაყრელ პირობებში აყენებდა Samsung-ს. გარდა ამისა Samsung-ს ჩინეთიდან საკუთარი წარმოება სრულად გადააქ ვიეტნამში.

თავისებური სპეციფიკა

წარმოების გიგანტი, ჩინეთი — ქვეყანა 1,4 მილიარდიანი მოსახლეობით. ტექნიკის წარმოება ქვეყნის მშპ-ს 46,5%-ით ზრდის. ჩინეთის სილიკონის ველში, შენჩჟენში მსოფლიოს ელექტრონიკის 90%-ს აწარმოებენ, ხოლო ჩინეთის Foxconn-ის მხოლოდ ერთ ქარხანაში 1,5 მილიონი ადამიანია დასაქმებული, რაც ერთი ქალაქის მოსახლეობას უდრის.

ჩინეთი რამდენიმე ასეული ამერიკული კომპანიის ტექნიკას აწარმოებს. ჩინეთის საწარმოებში 2019 წლის მონაცემებით საშუალო ხელფასი $ 1000-ს აღწევს. ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ომის გამარჯვებულად კი ვიეტნამი სახელდება.

ვიეტნამის მოსახლეობა 95 მილიონ ადამიანს აღწევს. საშუალო ხელფასი ქვეყანაში $300-ს უახლოვდება. ორი ქვეყნის სავაჭრო ომის დაწყებამდე ვიეტნამში ელექტრონიკის მწარმოებელი 500-მდე საწარმო უკვე ფუნქციონირებდა. მათ შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Samsung, Fujitsu, Canon, Intel, Sony, Sanyo, JVC, LG, Toshiba, Panasonic. ვიეტნამში ყოველ მე-10 სმარტფონს აწყობენ, ხოლო ელექტრონიკას ქვეყნის ექსპორტის უდიდესი წილი უკავია. მარტო სმარტფონების ექსპორტმა ქვეყნის ეკონომიკას 41,3 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანა.

რეგიონში ჯერ-ჯერობით არ ჩამოყალიბებულა წარმოების კულტურა, რომელიც დღეს ჩინეთს აქვს. მაგრამ კომპანიებისთვის ქვეყანა შრომის დაბალი ფასით, უკვე არსებული წარმოებით, ადგილმდებარეობით, დაბალი ეკოლოგიური ნორმებითა და ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობით არის საინტერესო.

უკვე ცნობილია შემთხვევები, როცა ჩინურ კომპანიებს გადაქონდათ პროდუქცია ვიეტნამში, უცვლიდნენ მას შეფუთვას და ისე აგზავნიდნენ აშშ-ში. ტრამპმა საჯაროდ დააფიქსირა ამ ტენდენციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და აღნიშნა, რომ „ვიეტნამი ჩინეთზე უარესად იქცევა“. ვიეტნამის ხელისუფლებამ კი თავის მხრივ აღნიშნული სქემის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა. საუბარია ტექნიკაზე, რომლის ჯამურმა ღირებულებამ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი არ შედის ელექტრონიკის მწარმოებელი ქვეყნების ლიდერების სიაში, კანონმდებლობისა და დიდი მოსახლეობის გამო  ტექნოლოგიურ კომპანიებში ქვეყანა მაინც დიდ ინტერესს იწვევს.

ინდოეთში რამდენიმე სპეციალური ეკონომიკური ზონაც შეიქმნა, რომელიც ექსპორტის განვითარებას ემსახურება. ამ ზონების ორი მესამედი კი IT კომპანიებს უკავიათ. ამისდა მიუხედავად ინდოეთი ახალი ტექნოლოგიური საწარმოებისთვის მაინც ორაზროვანი ქვეყანაა. მაგალითისთვის, Foxconn-სა და Nokia-ს უკვე მოუწია საკუთარი საწარმოების დახურვა გადასახადებთან და ბიუროკრატიასთან შექმნილი სირთულეების გამო.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კომპანიები ტოვებენ ჩინეთს ნდობის ფაქტორია. შპიონაჟთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რომელიც Huawei-ს ირგვლივ განვითარდა, ჩინეთის მიმართ ნდობა საგრძნობლად შემცირდა განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ხარისხის კონტროლისა და მენეჯმენტისთვის კომპანიები ადგილობრივ კადრებს მიმართავენ.

ყველას შეეხო

სავაჭრო ომის განხილვისას ყურადღება მსხვილ ამერიკულ და საერთაშორისო ვენდორებზე მახვილდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში კი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა ის კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქციას აშშ-ს ბაზარზე ყიდის.

„რა მოქმედებაა?“

მსჯელობა იმაზე, თუ რომელი ქვეყანა მოიპოვებს ახალი „ჩინეთის“ სტატუსს უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩინეთის ტექნოლოგიური პოტენციალი უკვე მოცემულობაა, თუმცა ამასთან ერთად ქვეყანა კარგავს საკუთარ ლიდერობას ამ სექგემნტში. აშშ-ს და ჩინეთის დაპირისპირებამ ეს პროცესი მხოლოდ დააჩქარა. სხვადასხვა გამოცემები უკვე პროგნოზირებენ ჩინეთის მშპ-ს მკვეთრ შემცირებას, თუმცა ეს ვითარების მხოლოდ ერთი მხარეა. ჩინეთს ცალსახად ყველა ტექნოლოგიური კომპანია არ(ვერ) დატოვებს იქ არსებული გამოცდილების, კადრების და ჯერ-ჯერობით კარგი ფასების გამო. ცალსახაა, რომ ტექნოლოგიური დასავლეთი და აღმოსავლეთი დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად დაშორდება ერთმანეთს, ხოლო ჩინეთი ნელ-ნელა საკუთარი ექსკლუზიური ტექნოლოგიების განვითარებაზე გადაერთვება.

 

 

Leave your vote

3 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.