in

ოკუპაცია: როგორ დაიწყო ომი კიბერ სივრცეში?

კიბერ ომის შედეგები

ზუსტად 11 წლის წინ რუსული საოკუპაციო ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო. დღემდე გარკვეული პოლიტიკური ძალები თუ საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ომი დაიწყო სქართველომ, რითაც გარდა იმისა, რომ ავრცელებენ სრულ სიცრუეს, ზიანს აყენებენ ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

ტალიავინის დასკვნა და სხვა შეფასებები გვერდზე რომ გადავდოთ, ფაქტი ჯიუტია. პირველი შეტევა ქართულ კიბერსივრცეზე კონვენციური ოპერაციების დაწყებამდე 1 კვირით ადრე, 19 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განხორციელდა. მოვლენების შემდგომი განვითარება კი ცხადყოფს, რომ სახეზე იყო კიბერ ომის უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც არასათანადოდ შეფასდა და საჭირო დროსა და ადგილას არ გაჟღერდა. 11 წლის წინ გაჩაღებულ კიბერ ომთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს CASE-ის დამფუძნებელი ლაშა პატარაია.



ლაშა პატარაია CASE-ის დამფუძნებელი

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა ტექნოლოგიური ხასიათი ქონდა მოვლენებს?

— სოციალურ ქსელებსა და მედიაში ჰაკერთა ჯგუფები და სპეცსამსახურები ყველა რესურსს იყენებდნენ საკუთარი ინტერესების დასაცავად, თუმცა ეს ყველაფერი ომამდე გაცილებით ადრე დაიწყო. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა შესაბამისი ფონი შეექმნა მომდევნო აქტივობებისთვის და ამისათვის ყველაზე ეფექტური საშუალებაც გამოინახა – სოციალური ქსელები, მედია და ზოგადად ინტერნეტი.

           ომის პირველი სიმპტომები. მასიური კიბერ შეტევები ერთდროულად რამოდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე განხორციელებით დაიწყო.

           კიბერ შეტევები საქართველოს წინააღმდეგ იმგვარად იყო ორგანიზებული, რომ სამიზნეები პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა და ქრონოლოგიაც პარალელურ მოვლენებს ემთხვეოდა.

           შეტევის ძირითად ობიექტებს წარმოადგენდნენ ვებ-რესურსები, რომლებიც კავშირში იყო ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან. ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საინფორმაციო რესურსებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიზნეებს უმაღლესი პრიორიტეტი ქონდა მინიჭებული.

           თანამედროვე ეტაპზე საომარ კონფლიქტში ჩართული ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციებში ინფორმაციის გავრცელების საშუალება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. სწორედ ამიტომ, საქართველოში 2008 წლის საომარი მოქმედებების პირობებში, კიბერ აქტივობების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა:

– საჯარო ინსტიტუტების (სამთავრობო, საპარლამენტო, ძალოვანი და სხვა) ინფრასტრუქტურის მოშლა;

– მედია და კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა, რათა შექმნილიყო მაქსიმალურად ქაოტური მდგომარეობა.

           მოწინააღმდეგემ ასევე განახორციელა შეტევა ქსელურ ინფრასტრუქტურაზე და სხვადასხვა ელექტრონული სერვისების მომწოდებლებზე (ინტერნეტ პროვაიდერები, მობილური და საკომუნიკაციო ოპერატორები). კიბერ დაპირისპირებისას, რუსეთი კიდევ უფრო არაპროპორციული ძალით დაუპირისპირდა საქართველოს, ვიდრე ეს მან სამხედრო ფრონტზე განახორციელა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედვად მისი მასშტაბისა განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ ინოვაციურობას ადგილი არ ქონია. მასშტაბურობის ინსპირირება, ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსის-ჩვეულებრივი მომხმარებლების კიბერ სივრცეში მობილიზებამ უზრუნველყო. რათქმაუნდა პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჰაკერებიც და სხვადასხვა ორგანიზაციებიც, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში საორგანიზაციო საკითხებს უფრო ითავსებდნენ. ამ რესურსს მართვა ჭირდებოდა. რისთვისაც ერთ-ერთი პოპულარილი მოდელი შეირჩა ე.წ. „ბოტნეტის“ სახით.

           ამ პროცესში განვიხილოთ ქართული რეალობა. ასეა თუ ისე, რუსეთთან შედარებით საქართველოში ბევრად მცირეა ტექნიკური სპეციალისტების რაოდენობა. ეს ბუნებრივიცაა რადგან, რუსეთის მოსახლეობა რაოდენობრივად ბევრად აღემატება ჩვენსას. თანაც სახეზეა უამრავი მიზანმიმართული, მათ შორის სადაზვერვო ორგანიზაციის ნიშნების შემცველი პროცესი ქვეყნის შიგნით, რომლებმაც კონკრეტული სფეროების ჩავარდნა გამოიწვია. თუმცა ეს კიდევ ერთი მასშტაბური თემაა. დავუბრუნდეთ კიბერ აქტივობებს – როგორც ზემოთ აღვნიშნე, ომის დროს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები მაინც და მაინც არ გამოყენებულა. ეს იმიტომ, რომ როდესაც საქმე დიდი რაოდენობის ადამიანურ რესურსთან გვაქვს, არსებობს მხოლოდ რამოდენიმე ტექნოლოგიური სტრატეგია, რომელიც ამ რესურსის ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

რაში გამოიხატებოდა რუსული ტაქტიკა და რამდენად შეიძლობდა ეს ყოფილიყო კლასიფიცირებული კიბერ ომად?

— კიბერ შეტევის ყველაზე გავცელებული მოდელის მიხედვით ჰაკერების მცირე ჯგუფი ორგანიზებას უწევს მთელს დანარჩენ რესურსს და თითოეულ კომპიუტერს მასში ცალკეული იარაღის ფუნქციას ანიჭებს. ამ სტრატეგიას “ბოტნეტის” შეკვრა ეწოდება.

როგრც წესი კომპიუტერების უმრავლესობა ეკუთვნით ჩვეულებრივ მომხმარებლებს, რომლებსაც ხშირად წარმოდგენაც კი არ აქვთ რა ხდება მათ კომპიუტერებში. ჰაკერები ახერხებენ ამგვარ კომპიუტერებში შეღწევას და მათში საკუთარი პროგრამის გააქტიურებას. მას შემდეგ რაც პროგრამა გააქტიურდება კომპიუტერზე ის უკვე დამოუკიდებლად იღებს მართვას და ავტონომიური ხდება. ამგვარი პროგრამები შენიღბულად მოქმედებენ. ყველა ეს ცალკეული ინსტრუმენტი მოქცეული ერთ მთლიანობაში დიდი ძალის მქონე იარაღად იქცევა. ტექნოლოგიურად პროცესი ასე გამოიყურება: რომელიმე ქსელში ხდება კიბერ გაერთიანების შეკვრა, რომელშიც თითოეული კომპიუტერი ახორციელებს არჩეული საერთო ობიექტის მაქსიმალურ დატვირთვას. ანუ ე.წ. გადაჭარბებული “ტრაფიკის” (ქსელური ინფორმაციის) მიწოდებას. მსხვერპლის კომპიუტერს ან და სერვერულ ინფრასტრუქტურას უწყვეტად ეგზავნება დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელსაც იგი ავტომატურად ამუშავებს და ასე გრძელდება კომპიუტერის ან და სერვერული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლამდე.

ცხადია გამოყენებულ იქნა გაცილებით კომპლექსური სქემებიც. ამ და სხვა ოპერაციების უფრო მეტი დეტალიზაცია არ იქნებოდა სწორი თუ გავითვალისწინებთ რა შეიძლება მოყვეს მის ბოროტად გამოყენებას.

დღეის მდგომარეობით ჰაკერული ტექნოლოგიები გარკვეულ დონეზე კომპიუტერის დამწყები მომხმარებლებისთვისაც კი გახდა ხელმისაწვდომი. მათაც შეუძლიათ გარკვეული ოპერაციების განხორციელება. საშიში თითქოს არაფერია, მაგრამ როდესაც ასეთი მომხმარებლების დიდ რაოდენობასთან გვაქვს საქმე, იგი უკვე სერიოზულ საფრთხედ განიხილება. თუმცა   დავივიწყოთ დროებით ტექნიკური მხარე და მივუბრუნდეთ კონფლიქტს. მთელი მსოფლიო ჩაება ინფორმაციულ ომში, რომელმაც ინტერნეტის თითქმის ყველა კომპონენტი მოიცვა. მულტიმედია ვიდეო პორტალებით დაწყებული სადისკუსიო ფორუმებით დამთავრებული მიდიოდა გააფთრებული ომი პროპაგანდისტებსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც სურდა ჯანსაღი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო საზოგადოებისათვის. დეზინფორმატორების ორგანიზებულობამ განაპირობა ის, რომ საქართველომ წააგო ინფორმაციული ბრძოლა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში კოლოსალური რაოდენობის ინტერნეტ მომხმარებელი იყო ჩართული. ყველა თავისებურად ცდილობდა დაეცვა საკუთარი ქვეყნის ინტერესები. ცდილობდნენ ეჩვენებინათ დანარჩენი მსოფლიოსათვის თუ რა ხდებოდა სინამდვილეში – არაპროპორციული დაპირისპირება, უსამართლო აგრესია და ა.შ. ფაქტობრივად წაგებული იყო ბრძოლა და არა ომი, რადგან ინფორმაციულ ეპოქაში შეუძლებელია დიდ ხანს შენიღბო ტყუილი და ბუნებრივია მოგვიანებით დალექილი ინფორმაცია მალევე გავრცელდა. ყველა საუბრობდა ამ ომზე, თუმცა ძირითადად პოლიტიკურ და დიმპლომატიურ ჭრილში, რადგან მრავალი ფაქტი მოგვიანებით გახდა ცნობილი და მრავალსაც ანალიზისათვის დრო ჭირდებოდა. სამწუხაროა რომ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურმა წრეებმა იმ მომენტში ვერ მოახერხეს გამოეყენებინათ ძალიან კარგი შესაძლებლობა მიენიჭებინათ ამ მოვლენებისთვის კიბერ ომის სტატუსიც. ამ მიმართულებით აქტიური ქმედებების გამოუყენებლობის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ეს იყო დღემდე ცნობილი ერთადერთი საომარი ქმედება, რომელსაც შეიძლებოდა მინიჭებოდა კიბერ ომის სტატუსი.

რატომ აფასებთ ამ მოვლენებს კიბერ ომად, რა საერთაშორისო ანალოგიები არსებობს და თუ ეს კიბერ ომი იყო, რა იყო ჩვენი მთავარი პრობლემა?

— რა თქმა უნდა არსებობს კიბერ კონფლიქტების სხვა მასშტაბური პრეცედენტებიც, როგორც მაგალითად დანიაში 2006 წელს, ესტონეთში 2007-ში, ლიტვაში 2008 წელს და ირანშიც კი 2009 წელს, მაგრამ მათ არ ქონდათ შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რათა კიბერ ომის სტატუსი მიენიჭებინათ ამ მოვლენებისთვის, რადგან ცნობილია ორი ძირითადი არგუმენტი მოვლენის კიბერ ომად შესაფასებლად: პირველი არის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ქონა, ხოლო მეორე მყარი არგუმენტაცია. ეს უკანასკნელი კი საქართველოს შემთხვევაში საკმარისად არსებობდა. ამის სამართლებრივ არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ რუსეთი საქართველოსთან აწარმოებდა რეალურ, კონვენციურ ომს, ხოლო კიბერ აქტივობები, იყო ერთ-ერთი პარალელური პროცესი. ეს არის ერთ-ერთი გამოუყენებელი მომენტი თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს. პრობლემაც ალბათ ტექნიკური ხასიათის უფრო იყო, რადგან ისევ და ისევ ამ სფეროს სპეციალისტების დეფიციტმა, არასაკმარისმა ინტერესმა ამ საკითხის მიმართ თუ კვალიფიკაციის არ არსებობამ გამოიწვია ის, რომ ვერავინ ურჩია დიპლომატიურ უწყებას სათანადო რეაგირება მოეხდინა ამ კუთხით. ახლა ეს სამწუხაროდ უკვე დაგვიანებულია.

           დრო გადის, მაგრამ აღნიშნული კიბერ ომის აქტუალობა არ იკარგება. აგვისტოს მოვლენების პასიურ ფაზაში გადასვლიდან ერთგვარი ღია ანალიტიკური ციკლი დაწყებულია.

           რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კიბერ დაპირისპირებაზე უცხოური პრესის წარმომადგენლები და ექსპერტები გაცილებით მეტს საუბრობენ და ყურადღებას უთმობენ მას ვიდრე ჩვენთან, საქართველოში.

           სულ მალე გამოჩნდა პუბლიკაციები აღნიშნული მოვლენების შესახებაც. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო სტატია მოამზადა “Computerworld”-ის ცნობილმა მიმომხილველმა გრეგ კაიზერმა, სადაც მან საინტერესო პარალელები გაავლო ესტონეთში მომხდარ ანალოგიურ მოვლენებთან და სხვადასხვა სააგენტოს მონიტორინგის შედეგები მოიყვანა. ესტონეთის შემთხვევა მართლაც ძალზედ ახლოს არის ჩვენს სიტუაციასთან. ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან, რადგან თავად ისინი დღემდე სწავლობენ ჩვენს მაგალითზე.

   საქართველო-რუსეთს შორის გამართული კიბერ ომი და შემდგომი მოვლენები კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო საექპერტო წრეებსა და ინსტიტუტებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. სპეციალურად ამ მოვლენებზე დაყრდნობით დაიწერა უამრავი სტატია, გამოქვეყნდა სხვადასხვა ნაშრომი და სახელმძღვანელო. ეს აქტუალობა აბსოლიტურად ბუნებრივია, რადგან ამგვარი ფაქტები შესანიშნავ მასალას წარმოადგენენ კვლევებისთვის, ანალიზისა და შემდგომი პრევენციული მექანიზმების შესამუშავებლად. დროა თვალი გავუსწოროთ ახალ რეალობას და ეს პრეცედენტი საქართველოშიც “ქეისად” იყოს გამოყენებული. ესტონეთი მსგავსი ინციდენტების შემდეგ იმდენად დაიხვეწა ამ მიმართულებით, რომ ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად იქცა ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში. მათ სწორად გაანალიზეს მომხდარი ფაქტები და საპასუხოდ შექმნეს მთელი ინფრასტრუქტურა, ახალი ინსტიტუციური მექანიზმები, დახვეწეს და გადაახალისეს საკანონმდებლო ბაზა, ჩამოაყალიბეს სასწავლო პროგრამები. ერთი სიტყვით მათ ეს გაკვეთილი, მართლაც გაკვეთილად მიიღეს და საშინაო დავალებაც უმაღლეს ქულაზე მოამზადეს.

   კიდევ ერთი საინტერესო გამოხმაურება მოყვა ინფორმაციულ ომს გაზეთ “New York Times”-ში, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ მისი ავტორის ვინაობას – ჯონ მარკოფი. იგი დაკავშირებულია სკანდალური ჰაკერის, კევინ მიტნიკის ისტორიასთან და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმომხილველია ტექნოლოგიურ საკითხებში.

           ახლა როცა ომს წარსულ ფორმატში ვაანალიზებთ ცხადი ხდება მრავალი რამ. როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები, რომლებზედაც საჭიროა მეტი მუშაობა. ის არაორგანიზებულობა ინფორმაციულ ომში, ის დაბნეულობა კრიტიკულ სიტუაციაში, რომელიც ქვეყანაში იყო ისედაც მძიმე დროს, არის შედეგი იმისა, რომ არ არსებობდა ინფორმაციული უსაფრთხოების ერთიანი ჩამოყალიბებული პოლიტიკა და შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა, რაც თავისმხრივ განაპირობა საფრთხეების არასწორმა შეფასებამ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სადაზვერვო შეღწევადობაზე, რომელიც განაპირობებს საქართველოში კონკრეტული სფეროების ჩავარდნას და არასწორ პოლიტიკას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო სექტორის რეალური აქტივობები ასევე შეიძლება იყოს ეფექტური მსგავს პროცესებში. მართალია არ იყო სათანადო დონეზე განვითარებული ინსტიტუტები რომლებიც ამ პრობლემებს გადაჭრიდნენ, თუმცა გარდა უსაფრთხოების პოლიტიკისა, მნიშვნელოვანია სათანადო საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ პრობლემებზე ღია საუბარი მათი გადაჭრის საუკეთესო დასაწყისია, ხოლო წარსული შეცდომების დანახვა უკეთესი მომავლის პერსპექტივას განაპირობებს.

რომელ ვებგვერდებსა და უწყებებს შეექმნათ ხარვეზები. რა შედეგები მოყვა ამას საზოგადოების ინფორმირების კუთხით?

— სამიზნეები, რომლებიც მუშავდებოდა შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ძირითად კატეგორიად:

  1. სამხედრო ინფრასტრუქტურა
  2. საინფორმაციო და მედია რესურსები
  3. ინტერნეტ პროვაიდერები– ISP’s
  4. მობილური საკომუნიკაციო ქსელები
  5. სამთავრობო ინფრასტრუქტურა
  6. ქვეყნის ეკონომიკა
  7. საბანკო სექტორი
  8. სოციალური ქსელები

ამ კატეგორიებში კი განსაკუთრებით პოპულარული იყო კონკრეტულად მედია საშუალებები და საინფორმაციო ხასიათის ვებ-რესურსები. ეს არის არასრული ჩამონათვალი სამიზნე რესურსების:

www.apsny.ge – საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი “Грузия Online”

www.nukri.org – ვებ-გვერდი აფხაზეთის შესახებ

www.opentext.org.ge – ქართული პრესის ელექტრონული არქივი

www.constcourt.gov.ge – ცნობილი ინგლისურ ენოვანი ქართული ჟურნალი

www.abkhazia.gov.ge – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვებ-გვერდი

www.naec.gov.ge – გამოცდების ეროვნული ცენტრი

www.forum.ge – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ფორუმი

www.civil.ge – საინფორმაციო რესურსი

www.presa.ge – ახალი ამბები ქართული პრესიდან

www.rustavi2.com – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ვებ-გვერდი 

www.news.ge – ინგლისურენოვანი საინფორმაციო პორტალი

www.interpress.ge – საინფორმაციო პორტალი

www.tbc.ge – თიბისი ბანკის ვებ-გვერდი

www.tbilisiweb.info – საინფორმაციო პორტალი

www.newsgeorgia.ru – ახალი ამბების გვერდი

www.os-inform.com – საინფორმაციო სააგენტო “ოსინფორმი”

www.kasparov.ru – ცნობილი რუსული ოპოზიციური პარტიის ვებ-გვერდი

www.president.gov.ge – საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდი

www.government.gov.ge – საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი

www.parliament.ge – საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი

www.nsc.gov.ge – უშიშროების ეროვნული საბჭოს ვებ-გვერდი

www.constcourt.gov.ge – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

www.supremecourt.ge – საქართველოს უზენაესი სასამრთლო

www.cec.gov.ge – ცენტრალური საარჩევნო კომისია

www.nbg.gov.ge – საქართველოს ეროვნული ბანკი

www.nplg.gov.ge – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

www.police.ge – შინაგან საქმეთა სამინისტრო

www.mod.gov.ge – თავდაცვის სამინისტრო

www.mes.gov.ge – განათლების სამინისტრო

www.mfa.gov.ge – საგარეო საქმეთა სამინისტრო 

www.iberiapac.ge – დაცული ელექტრონული ფოსტის სერვისი

www.mof.ge – ფინანსთა სამინისტროს ვებ-პორტალი

www.newsgeorgia.ru – ახალი ამბები საქართველოს შესახებ

საინტერესოა ისიც, რომ შეტევები ხორციელდებოდა არამხოლოდ ქართულ კიბერ სივრცეზე, არამედ თავად რუსულზეც და სიაში ამოიკითხავთ რამდენიმე ასეთ რესურსს, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც არ იყო მისაღები რუსეთის ფედერაციისთვის.

2008 წლის შემდეგ თუ განმეორებულა მსგავსი კიბერთავდასხმები საქართველოზე

— ეს არ ყოფილა არც პირველი და არც ბოლო კიბერ შეტევა. კიბერ ომის შემდეგ ცნობილი ქეისებიდან აღსანიშნავია GEORBOT, რომელიც კიბერ შპიონაჟის კლასიკური მაგალითია. 2011 წლის მარტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინცინდენტებზე რეაგირების ჯგუფმა აღმოაჩინა და გაანალიზა მავნე კოდი და კიბერ ოპერაცია, რომელსაც საკმაოდ ვრცელი და ტექნიკური ინფორმაციით გაჯერებული ანგარიში მიეძღვნა და ხელმისაწვდომია ამავე უწყების ვებ-გვერდზე: dea.gov.ge

მოკლე რეზიუმე რომ გითხრათ კიბერ შპიონაჟის ეს ინსტრუმენტი აგროვებდა კონფიდენციალურ ინფორმაციას რომელიც უკავშირდებოდა საქართველოსა და აშშ-ს უსაფრთხოების დოკუმენტებს. ეძებდა დოკუმენტებს დაინფიცირებულ კომპიუტერებში, რომლებიც შეიცავდა კონკრეტულ საკვანძო სიტყვებს ან პარამეტრებს. მოპოვებულ დოკუმენტებს კი ფარულად აგზავნიდა ე.წ. Shadow Server-ებზე, რომლებიც აღმოჩენისთანავე იცვლებოდა.

რა თქმა უნდა ეს ვერ იქნებოდა საქართველოს წინააღმდეგ დაზვერვის ბოლო მცდელობა ან ბოლო ღონისძიება კიბერ საშუალებებით, თუმცა აღმოჩენა და ასევე ამის შესახებ ინფორმაციის განთავსება აღარ მომხდარა.

ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თუ როგორ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები და ინდივიდები ქართულ კიბერ სივრცეში საქართველოს საწინააღმდეგოდ. ერთი რამ რაც შემიძლია ბოლო დროინდელი დაკვირვებებიდან გაგიზიაროთ არის აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინცინდენტი, როდესაც როგორც მიჩნეულია რუსული სპეცსამსახურები აქტიურად ჩაერივნენ როგორც კიბერ საშუალებებით, ისე ინფორმაციული კამპანიების კუთხით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირველები ვიყავით აშშ-ს CERT-ისა და DNI-ის შემდეგ ვინც ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა ამ მოვლენებზე. ერთი რაც შემიძლია გითხრათ ყველაფერ იმაზე, რასაც ამ ეტაპზე არ ვაჟღერებთ, შემთხვევითი არ ყოფილა ჩვენი დაინტერესება ამ ინცინდენტით. თუ რატომ, ამას ის ვინც უფრო ღრმად ინტერესდება ამ პრობლემებით წაკითხვისთანავე ადვილად მიხვდება. ეს რეპორტი ხელმისაწვდომია როგორც Amazon.com-ზე, ასევე სრულიად უფასოდ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენი ვებ-გვერდიდან.

რეპორტის ბმული: https://globalcase.org/blog/category/e-books/

Written by Anzor Amzoevi

Comments

კომენტარები

Loading…

0

კომენტარები

0 comments

Facebook-ი Instagram-ს და WhatsApp-ს სახელს უცვლის

Samsung-მა Galaxy Note 10 წარმოადგინა