MSinfo Exit Reader Mode

აშშ-ს კონგრესმენი ფულს Steam-ის თამაშებში უკანონოდ ხარჯავდა

აშშ-ს კონგრესმენ, დუნკან ჰანთერს ბრალი წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ფულის არამიზნობრივ ფლანგვაში ედება. ეჭვმიტანილმა ბრალი უკვე აღიარა.

ივნისის თვეში პროკურატურამ კალიფორნიელ რესპუბლიკელს ბრალი საარჩევნო ფონდიდან თანხის პირადი მიზნებისთვის, მათ შორის Steam-ის თამაშებისთვის გამოყენებაში დასდო.

პროკურორების განცხადებით, დუნკანმა მეუღლესთან, მარგარეტ ჰანთერთან ერთად ჯამში  საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი $ 250 000 გაფლანგეს. აღნიშნული თანხით კონგრესმენმა Steam-ის თამაშების შეძენის გარდა ოჯახთან ერთად იტალიაშიც იმოგზაურა და გოლფიც ითამაშა.

თავდაპირველად ჰანთერი თავს იმართლებდა იმით, რომ თითქოს Steam-ში 68 თამაში მისმა მცირეწლოვანმა შვილმა იყიდა, თუმცა მოგვიანებით მან საკუთარი ბრალი აღიარა. თამაშების ჯამურმა ღირებულებამ $ 1300-ს გადააჭარბა. პოლიტიკოსის მიერ შეძენილი თამაშების დასახელებები უცნობია, თუმცა ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ყველაფერთან ერთად კონგრესმენმა LEGO-ს ნაკრებიც იყიდა.

ჰანთერი ბრალდების მხარეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და არგუმენტად მოყავს ის გარემოება, რომ თითქოს ისინი, ვინც მას ბრალი წაუყენა 2016 წელს დემოკრატი ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების შეგროვებით იყვნენ დაკავებულები.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ, რომ მე შეცდომები დავუშვი. მე არ ვაკვირდებოდი და არ აღვრიცხავდი იმ თანხის ხარჯვას, რომელიც ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის იყო განკუთვნილი. მე გააზრებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილ თანხას ეხება“— დუნკან ჰანთერი.

გამოძიება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როცა გამომძიებლებს პოლიტიკოსის ფინანსური შესაძლებლობების მიმართ გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ. ამჟამად მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და $ 250 000 ოდენობით ჯარიმა ემუქრება. საბოლოო განაჩენს სასამართლო 2020 წლის 17 მარტს გამოაცხადებს.

კომენტარები

0