რატომ დაუპირისპირდა ინტერნეტის მამა Google-ს, ანუ ინტერნეტი 2.0

ტიმ ბერნერს-ლი, რომელსაც ბევრი ინტერნეტის მამას უწოდებს მოგვიწოდებს გადავარჩინოთ ინტერნეტი დიდი კომპანიების კონტროლისგან და მომხმარებლებს მეტი თავისუფლება მივცეთ.

რამდენიმე ათწლეულით უკან რომ დავბრუნდეთ, ახალი მეგობრების შეძენა, ურთიერთობა, შეყვარება, შოპინგი და მოგზაურობაც სახლიდან გაუსვლელად წარმოუდგენელი იყო.

თუმცა რამდენიმე ენთუზიასტის ძალისხმევით შეიქმნა გლობალური გაციფრულების და ინფორმაციის გადაცემის ახალი საშუალება, რომელსაც დღეს ინტერნეტის სახელით ვიცნობთ. ინტერნეტის საშუალებით დღეს ადამიანს პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და მასთან კავშირის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

ინტერნეტის ერთ-ერთი შემოქმედმა, ტიმ ბერნერს-ლიმ დაახლოებით 30 წლის წინ კაცობრიობას გლობალური ქსელის კონცეფტი აჩუქა. მიუხედავად იმისა, რომ ბერნერს-ლიმ გლობალური ქსელის ტექნიკური საფუძველი შექმნა, ხოლო ჩვენ დღემდე ვიყენებთ მის მიერ გამოგონილ ელექტრონული დამისამართების სისტემას (URL) და მონაცემთა გადაცემის პროტოკოლს (HTTP), იგი შეშფოთებულია საკუთარი „პირმშოს“ ასეთი მდგომარეობით.

ტიმ ბერნერს-ლი დღეს „,მსოფლიო აბლაბუდის კონსორციუმის“ ხელმძღვანელია. აღნიშნული ორგანიზაცია ინტერნეტის განვითარებისთვის ახალი სტანდარტების დანერგვით, მსხვილი კომპანიებისთვის ინტერნეტზე ძალაუფლების მოპოვების პრევენციით, ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დაცვით, ე.წ Fake სიახლეებთან და მავნე კონტენტთან  ბრძოლით არის დაკავებული.

ცალსახაა, რომ კონსორციუმი საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან Google და Facebook ქსელში არსებულ ინფორმაციაზე და მის გავრცელებაზე ტოტალურ კონტროლს ახორციელებენ. ისინი აგროვებენ მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც ხშირად ჰაკერული თავდასხმების შედეგად ბოროტმოქმედების ხელში ხვდება.

ბერნერს-ლი აღნიშნავს, რომ ინტერნეტი პრაქტიკულად დემონების ინსტრუმენტად იქცა, რომელიც საზოგადოებაში უთანასწორობასა და აგრესიას აღვივებს, რასაც „ციფრული ანტიუტოპია“ მოყვება. რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტის მამამ, უფრო სწორად ბაბუამ ინტერნეტის „გადარჩენის“ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.  მისი თქმით ცვლილებების შედეგად ინტერნეტი მხოლოდ დადებით როლს შეასრულებს საზოგადოების ცხოვრებაში.

როგორ გადავარჩინოთ ინტერნეტი?

რამდენიმე ხნის წინ „მსოფლიო აბლაბუდის კონსორციუმმა“ წარმოადგინა ახალი დოკუმენტი, რომელმაც უნდა შეცვალოს ინტერნეტის განვითარების მიმართულება, რითაც მსოფლიო ქსელი მომხმარებლებისთვის უფრო თავისუფალი და უსაფრთხო გახდება.

ინიციატივა „კონტრაქტი ქსელისთვის“ არის „გლობალური სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ სამყაროს უფრო უსაფრთხოს გახდის და კაცობრიობის შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს“. აღნიშნული დოკუმენტი ტიმ ბერნერს-ლიმ და მისმა თანამოაზრეებმა შეიმუშავეს.

„კონტრაქტის“ ავტორები ისეთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და კორპორატიულ დოკუმენტაციას იშველიებენ, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ევროკავშირის საერთო მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR), Mozilla-ს მანიფესტი და სხვა.

„მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს კვლავ არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. მეორე ნახევარი კი ინტერნეტით დემოკრატიისთვის, კონფიდენციალობისთვის და ჯანმრთელობისთვის არსებული დიდი რისკის სანაცვლოდ სარგებლობს.“ — აღნიშნულია „კონტრაქტი ქსელისთვის“-ის ოფიციალურ საიტზე.

აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია მოუწოდოს პოლიტიკოსებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს და მომხმარებლებს დაიცვან კონტრაქტი და აქციონ ის „თავისუფალი და ღია ქსელის შექმნის მძლავრ ხელსაწყოდ“.

კონტრაქტის ძირითადი პუნქტებია:

  • თითოეულ ადამიანს უნდა ქონდეს წვდომა ინტერნეტთან;
  • ინტერნეტი მთლიანად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის;
  • დაცული უნდა იყოს კონფიდენციალობა;
  • მომხმარებელს უნდა ქონდეს წვდომა საკუთარ პირად მონაცემებზე, რომლებიც ინახება კომპანიებში;
  • მომხმარებლებს უნდა ქონდეთ პირადი ინფორმაციის შენახვაზე უარის თქმის უფლება;
  • მომხმარებელს უნდა ქონდეს პირადი მონაცემების მეორე მხარის მიერ დამუშავების შეზღუდვის შესაძლებლობა;

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი 150-ზე მეტმა ინტერნეტ-კომპანიამ მოაწერა, რომელთა შორის არიან Microsoft-ი, Twitter-ი, Google-ი და Facebook-ი.  აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა საკუთარ ახალ ანგარიშში Google-ი და Facebook-ი „ადამიანის უფლებებისთვის მსოფლიო მასშტაბით ზიანის მიყენებაში“ დაადანაშაულა.

დავფიქრდეთ: კონტრაქტი, რომელიც ქსელში ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება ხელს აწერენ Facebook და Google, რომლებიც არაერთხელ ამხილეს მომხმარებლების ინფორმაციის უკანონო შენახვა-დამუშავებაში. კონტრაქტს ხელს აწერს ასევე Microsoft-ი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს ხელისუფლებასთან და პენტაგონთან და Twitter-ი, რომელზეც ჯერ კიდევ დასაშვებია პორნოგრაფიული მასალების უკონტროლო გამოქვეყნება.

შესაძლოა ინტერნეტ-გიგანტები „ჭეშმარიტების გზას“ დაადგნენ, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივა ფორმალურ ხასიათს შეინარჩუნებს ლოზუნგით „ყველაფერი კარგისთვის, ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ“.

საინტერესოა, როგორ აპირებენ კორპორაციები, რომელთა ბიზნეს-მოდელი მეტამონაცემების შეგროვებასა და მათი სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენებაზეა აგებული აღნიშნული წესების შესრულებას? ყველამ ვიცით, რომ Google-ი, Facebook-ი და სხვები არ დაჯდებიან და არ მოგვიყვებიან საკუთარი ტარგეტირებული რეკლამის შექმნის საიდუმლოს და მითუმეტეს იმას, გვისმენენ თუ არა აპლიკაციებიდან და მოწყობილობებიდან, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

როგორც არ უნდა იყოს, ინტერნეტის მამა არ კარგავს ენთუზიაზმს. The Guardian-თან საუბარში ტიმ ბერნერს-ლი აღნიშნავს: „მგონია, რომ ადამიანებს სულ უფრო მეტად ეშინიათ იმ ნეგატივის, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება. თუ ქსელი დარჩება ამ მდგომარეობაში, ბევრი რამ არასწორად განვითარდება. თუ ამას წინ არ აღვუდექით, ჩვენ ციფრულ ანტიუტოპიაში აღმოვჩნდებით. არ გვჭირდება ინტერნეტის გადარჩენის 10-წლიანი გეგმა, ჩვენ მისი გარდაქმნა ამ წუთიდან უნდა დავიწყოთ“.

იგივე Google-ი და Facebook-ი ბოლო დროს ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ასრულებენ ახალი კონტრაქტის მოთხოვნებს და აფართოვებენ მომხმარებლის მხრიდან საკუთარი პირადი ინფორმაციისა და კონფიდენციალობის მართვის შესაძლებლობებს. ტიმ ბერნერს-ლი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. იგი მაინც არ ენდობა დიდ კომპანიებს და მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და მოხდეს დიდი კომპანიების სერვერებისგან გათავისუფლება, რაც თავისმხრივ ახალი თაობის ინტერნეტის დასაწყისი იქნება.

ინტერნეტი 2.0

ადამიანის, როგორც ინტერნეტის განვითარების ქვაკუთხედის და არა მსხვილი კომპანიებისთვის ფულის გამომუშავების ობიექტის იდეამ გასულ წელს ბერნერს-ლი შთააგონა შეექმნა ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა Solid-ი, რომელიც მან სტარტაპ Inrupt-თან ერთად შექმნა.

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მიზანია მომხმარებელს მისცეს იმის უფლება, რომ თავად განსაზღვროს სად და რა სახის ინფორმაცია გაიგზავნოს ან ვის ქონდეს მასზე წვდომა. Solid-ის შემქმნელებმა WWW-ის არსებული პროტოკოლები (HTTP, REST, HTML) გამოიყენეს, ხოლო ახალი ინტერნეტის კონცეფცია  „დეცენტრალიზებული საიტების“ შექმნას ითვალისწინებს, რომლებიც სრულად მომხმარებლის საკუთრებაში იქნება.

Solid-ი კრიპტოვალუტის პრინციპით იმუშავებს: მომხმარებლები ერთგვარ ვირტუალურ პასპორტს, WebID-ის მიიღებენ, რაც ქსელში არამხოლოდ სხვა მომხმარებლების, არამედ ნებისმიერი საინფორმაციო რესურსების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ასეთი სახით მარტივდება პერსონალური მონაცემების კონტროლი მომხმარებლის მხრიდან.

ჯერ-ჯერობით Solid-ს შეზღუდული ფუნქციონალი აქვს და დიდი ალბათობით იგი ვერც ახალ ეკოსისტემას შექმნის, რომელზეც მასობრივად გადავლენ ვებ-დეველოპერები, კომპანიები და მომხმარებლები.

თუმცა აღნიშნულ პროექტის წარმატებაზე გარკვეული ეჭვები მაინც არსებობს, რადგან Google-ში აქტიურად განიხილავენ URL-ზე უარის თქმის იდეას, რომელიც ტიმ ბერნერს-ლიმ 1990 წელს შექმნა.

Google-ის დეველოპერების თქმით URL ზედმეტად რთული და ნაკლებად უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის.

„ჯერ-ჯერობით არ ვიცით როგორი იქნება ახალი სისტემა, რადგან ამას ჯერ გუნდში აქტიურად განვიხილავთ. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ რაც არ უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს, სიახლე ყოველთვის კამათის საგანი იქნება. ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ძველ, გახსნილ და მოშლილ პლატფორმასთან მუშაობისას. მთავარი ისაა, რომ ამას გავაკეთებთ, რადგან URL-ით ყველა უკმაყოფილოა…“ — განმარტავს Chrome-ის ტექნოლოგიების დირექტორი პარისა ტაბრიზი.

ყალბი URL-ების გამო უყურადღებო მომხმარებლები ხშირად გადადიან ყალბი სოც.ქსელების, ონლაინ ბანკინგის და სხვა მნიშვნელოვან ვებ-გვერდებზე.

ამჟამად Google-ი აკვირდება ვებ-მისამართის ველის გამოყენების სამომხმარებლო გამოცდილებას, რათა მოუფიქროს მას უფრო უსაფრთხო ალტერნატივა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი დარწმუნდება გვერდის ავთენტურობაში და მორიგჯერ არ გახდება ბოროტმოქმედების მსხვერპლი.

უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს თითქოს კარგია, თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა— ხომ არ იქნება ეს Google-ის მიერ მონოპოლიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი?! აღსანიშნავია, რომ Google-მა უკვე თქვა უარი ბერნერს-ლის მიერ შექმნილ HTTP პროტოკოლზე და გადავიდა შიფრაციის ახალ HTTPS სტანდარტზე.

ეჭვგარეშეა, რომ დამისამართების ახალი სტანდარტი ძალიან მალე გამოჩნდება, ახლა მთავარია ვინ იქნება პირველი. ცხადია, ამისთვის Google-ს ბევრად მეტი რესურსი აქვს.

რატომ არ გამოუვა ბერნერს-ლის უსაფრთხო ინტერნეტის შექმნა?

ექსპერტები „ინტერნეტის კონტროლის მომხმარებლების ხელში გადაცემის“ ინიციატივას სკეპტიკურად აფასებენ.

მსხვილმა კორპორაციებმა, რომლებიც ინტერნეტის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ მოგვცეს ისეთი შესაძლებლობები, რომლებზეც ადამიანი ვერც კი იოცნებებდა: Facebook-ის, Google-ის, Microsoft-ის, Twitter-ის და სხვების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები ფართო აუდიტორიაში, მოვახდინოთ გავლენა სხვების აზრების ფორმირებაში, გვქონდეს უწყვეტი კავშირი ჩვენს ახლობლებთან, მივიღოთ საჭირო ინფორმაცია და გამოვიმუშავოთ ფული.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ყველა სიკეთე, რომელიც გვაქვს უფასოდ, სინამდვილეში ჩვენი პერსონალური ინფორმაციის სხვების ხელში გადაცემის ფასად გვაქვს.

Google და Facebook ინტენსიურად ებრძვის სიძულვილის ენას და ქსენოფობიას ინტერნეტში, რაც „ანტიუტოპიურ“ პროგნოზს აზრს უკარგავს. ცხადია, რომ მსხვილი კორპორაციები აგროვებენ ჩვენს შესახებ ინფორმაციას, თუმცა როცა ეს პროცესი ნორმებს სცდება, როგორც ეს Cambridge Analytica-სა და Google-ის Nightinagle-ს შემთხვევაში მოხდა, მომხმარებლები და შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოები ამას ადრე თუ გვიან იგებენ.

უცნაურია, რომ აღნიშნულ კონტრაქტს ხელს არ აწერს Apple-ი, რომელიც, როგორც წესი საკუთარ საჯარო განცხადებებში მომხმარებლების პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართ პრინციპული პოზიციით გამოირჩევა.

ინტერნეტი უკვე აღარა წარმოადგენს თვითმიზანს ან საშუალებას. ეს ცალკე ფენომენია, რომლის კონტროლი ხშირად მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებსაც არ შეუძლიათ.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, უნდა გვეშინოდეს თუ არა ციფრული ანტიუტოპიის? უნდა გავიაზროთ, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები, საინფორმაციო ჰიგიენა და მედიაკულტურა ყოველთვის იარსებებს. თუმცა ისინი, ვინც 2020-ის მოახლოებასთან ერთად ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ინფორმაციის სწორად განკარგვა, მისი გაფილტვრა, ვერ ისწავლა პირველწყაროს მოძიება და ბრმად მიყვება მასებში გავრცელებულ მოსაზრებებს, მაინც ცუდად დაასრულებენ და ამას არც ანტიუტოპია უშველის.

„ქსელი არაჯანსაღ საკვებს გავს: იგი იწვევს მიჩვევას და ძალიან მავნებელია, თუ ვერ ვავლენთ თავშეკავებას“.

ნუ ელოდებით იმას, რომ თქვენს ნაცვლად თავშეკავებას Google-ი ან ტიმ ბერნერს-ლი გამოიჩენს.

Leave your vote

16 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.